საარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავება

საარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავება

Oct 21, 2024

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მიმდინარეობისას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო აგიტაცია განიმარტება, როგორც ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა და სხვა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები აქტიურად ამუშავებენ ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს.

გაგჩენიათ კითხვა თუ საიდან აქვთ წვდომა პოლიტიკურ პარტიებს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე? როგორც წინა პოსტში გაცნობეთ, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის პრინციპებიდან გამომდინარე, ცესკო ერთიანი საარჩევნო სიის ელექტრონულ ვერსიას გადასცემს მათ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იღებენ და ამუშავებენ თქვენს, ამომრჩევლის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიც არის: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში პოლიტიკური პარტიები მოქმედებენ, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და მათ აქვთ ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ისინი ვალდებულნი არიან თქვენს მონაცემებს მოეპყრონ იმგვარად, რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები, შეიმუშაონ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:

➢ დადასტურება იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძვლის,  მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;

➢ ინფორმაცია, თუ რა წყაროებიდან მოხდა თქვენი პერსონალური მონაცემების მოპოვება;

➢ თქვენს შესახებ არსებული პერსონალურ მონაცემების გაცნობა ან/და მოითხოვოთ მათი ასლები;

➢ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეჩერება (დაბლოკვა) ან შეწყვეტა;

➢ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზება.


საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში სხვადასხვა გზებით ცდილობენ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას. კერძოდ, წარადგენენ საარჩევნო პროგრამებს, გასცემენ წინასაარჩევნო დაპირებებს, მოუწოდებენ ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ, ასევე ხშირია კონკურენტი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანიებიც.

გარდა საჯარო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისა, ხშირად, პოლიტიკური პარტიები აგიტაციის საწარმოებლად იყენებენ სხვადასხვა სახის ელექტრონულ საშუალებებს. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია მხარდაჭერისკენ მოწოდებების გავრცელება ამომრჩევლისთვის sms შეტყობინებების გაგზავნის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენების გზით.

წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც მიუღია აგიტაციის შემცველი sms შეტყობინება, სატელეფონო ზარი ან ელექტრონული ფოსტა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

✓ პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თქვენთვის sms შეტყობინების, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის თუ სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაკეთებული ნებისმიერი წინასაარჩევნო შეთავაზება და მოწოდებები მხარდაჭერისკენ, განეკუთვნება პირდაპირი მარკეტინგის ერთ-ერთ ფორმას, ვინაიდან პირდაპირი მარკეტინგი, მათ შორის, მოიაზრებს სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მონაცემთა სუბიექტისათვის იდეის მიმართ ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების ან/და მხარდაჭერის მიზნით მიმართულ ქმედებას.


✓ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტების თანხმობის (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევებში წერილობითი თანხმობა) გარეშე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თანხმობის გარეშე, ტელეფონის ნომერზე ან/და ნებისმიერ ელექტრონულ პლატფორმაზე მიიღებთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ მიმართულ მოწოდებებს ან სხვადასხვა წინასაარჩევნო შეთავაზებებს, აღნიშნული მიჩნეული იქნება კანონის მოთხოვნების დარღვევად და როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლების დაცვის მიზნით, გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით უკანონო დამუშავების შეწყვეტა.


✓ თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტა, აღნიშნული მოთხოვნა კი წინასაარჩევნო აგიტაციის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის წარმოშობს ვალდებულებას, გონივრულ ვადაში, მაგრამ თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვიტონ თქვენთვის sms შეტყობინებების, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გზით საარჩევნო მოწოდებებისა და დაპირებების, სააგიტაციო მასალის გავრცელება.

საინტერესოა რა ფორმით შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი უფლების რეალიზება და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის პროცესის შეწყვეტა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რეგულაციების თანახმად, პოლიტიკური პარტიები, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებულები არიან, განსაზღვრონ თქვენთვის ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები თქვენი ამ მოთხოვნის უფლების რეალიზებისთვის. აღნიშნული, მათ შორის, შესაძლოა განხორციელდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაეცით თანხმობა (არსებობის შემთხვევაში) თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებით დამუშავების შესახებ. ამასთან, კანონის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს, რომ იმ სუბიექტებმა, რომლებიც ამუშავებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მარტივად და მკაფიოდ აღსაქმელი ფორმით უნდა მოგაწოდონ ინფორმაცია, როგორ/რა პროცედურებით და საშუალებებით შეგიძლიათ მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურმა პარტიებმა არ მიიღეს თქვენგან თანხმობა ან/და მიიღეს, მაგრამ მკაფიოდ და მარტივად არ გაგაცნეს თანხმობის გამოხმობის უფლება და ამ უფლების რეალიზების თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებები, გახსოვდეთ, თქვენი უფლებები დაირღვა და შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

DPT Consulting-ი გისურვებთ გარემოს, სადაც მუდამ თან გდევთ კონფიდენციალურობის განცდა და თქვენი უფლებები, მათ შორის, ხმის მიცემის და ფარულობის უფლება დაცული და გარანტირებულია.


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე