პერსონალური მონაცემების დამუშავება ხმის მიცემის პროცესში და ელექტრონული არჩევნები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხმის მიცემის პროცესში და ელექტრონული არჩევნები

Oct 25, 2024

ხმის მიცემის ფარულობა დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესპრინციპს წარმოადგენს, რომლითაც გარანტირებულია ამომრჩევლის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - ხმის მიცემის კაბინაში გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი. საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისათვის, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის პოლიტიკური არჩევანის კონფიდენციალურობის ხელყოფა მძიმე გადაცდომას წარმოადგენს და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

გარდა ზემოხსენებული მონაცემისა, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის სხვადასხვა პერსონალური მონაცემი მუშავდება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, რეგისტრაციის მისამართი, სქესი და სხვ). თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე კი პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, თუ ჩათვლით, რომ საარჩევნო უბანზე თქვენი პერსონალური მონაცემები კანონიერი საფუძვლებისა და მიზნების გარეშე მუშავდება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, მყისიერად შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამისი რეაგირება.ამასთან, პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

გახსოვდეთ:

➢ საარჩევნო უბანზე, გარდა საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი წევრებისა, არავის აქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადაცემა, მისთვის ფოტოს გადაღება, მასში ასახული მონაცემების გამჟღავნება, ჩანიშვნა და სხვ. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების უკანონო დამუშავების შეწყვეტა;

➢ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს თქვენი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია დაამუშაოს მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი მიზნებით - საარჩევნო პროცედურების კანონიერად წარმართვისა და კენჭისყრის პროცედურებში თქვენი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.შესაბამისად, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ განმარტება მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლებისა და მიზნების თაობაზე;

➢ თქვენი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი კრძალავს საარჩევნო კაბინაში ფოტო ანვიდეო გადაღებას. აღნიშნული აკრძალვა მოქმედებს ასევე თქვენზეც, როგორც მონაცემთა სუბიექტზე;

➢ საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ, არავის აქვს უფლება,მოგთხოვოთ აჩვენოთ საარჩევნო ბიულეტენში თქვენ მიერ დაფიქსირებული არჩევანი ან/და ღიად განაცხადოთ რომელ პოლიტიკურ სუბიექტს მიეცით ხმა. გახსოვდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია თქვენი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს, რომლის ფარულობა გარანტირებულია;

➢ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ ბიულეტენის შევსება (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), უფლება გაქვთ ხმის მიცემის კაბინაში, დასახმარებლად მიიწვიოთ თქვენს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი პირი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, არცერთ კომისიის წევრს არ აქვს უფლება, მიგითითოთ საარჩევნო კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ სხვა პირი, ვინაიდან მხოლოდ თქვენი უფლებაა გადაწყვიტოთ, რომელი პირისთვის გახდით ხელმისაწვდომს საარჩევნო კაბინაში თქვენს მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ არჩევანს. გახსოვდეთ, აღნიშნული ინფორმაცია თქვენი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია;

➢ ხმის მიცემის დასრულების შემდგომ, საარჩევნო უბნის გარეთ, არავის აქვს უფლება სავალდებულო წესით მოგთხოვონ, მიიღოთ მონაწილეობა საარჩევნო გამოკითხვაში. გახსოვდეთ, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება  და პერსონალური მონაცემების გამჟღავნება თქვენი უფლება და არა ვალდებულებაა.

საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ელექტრონული ფორმით, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაა. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო იზრდება ტექნოლოგიების, ელექტრონული პროგრამული უზრუნვლეყოფის როლი, რომელიც ერთის მხრივ, საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივს და მოსახერხებელს ხდის. მეორეს მხრივ, ადამიანებს უჩნდებათ დაუცველობის განცდა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობით არის გამოწვეული. სწორედ ამგვარი დაუცველობის განცდა გაჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ელექტრონულ საარჩევნო პროცესთან მიმართებით. კერძოდ, კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად უზრუნველყოფს ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენება საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესის და მის მიერ გაკეთებული არჩევანის კონფიდენციალურობასდა დაცულია თუ არა ჩვენი პერსონალური მონაცემები?

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა მონაცემთა უსაფრთხოებისთვის სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღება,რაც დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობას და ხელმისაწვდომობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგიები საარჩევნო ადმინისტრაციას შეძენილი აქვს კომპანიისგან „Smartmatic“. Smartmatic არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2000 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში. ამჯამად, იგი ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, ფილიპინებში, ესტონეთში და სხვა. Smartmatic სპეციალიზირებულია საარჩევნო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებებში, რომლებიც შექმნილია არჩევნების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და მთლიანობის გასაუმჯობესებლად. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია:

ხმის მიცემის აპარატები: ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი, რომელიც აღჭურვილია წამკითხველის ინტერფეისით და ხმების დათვლის სისტემით.

საარჩევნო პროგრამული უზრუნველყოფა: ამარტივებს საარჩევნო პროცესისმენეჯმენტს, ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმების დათვლას და ანგარიშგების სისტემას.

არჩევნების შემდგომი აუდიტის ტექნოლოგიები: იძლევა შესაძლებლობას,გადამოწმდეს ხმის დათვლის სისტემა.

Smartmatic ახორციელებს უსაფრთხოების სხვადასხვა პროცედურებს თავისი ხმის მიცემის სისტემების მთლიანობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. იგი იყენებს საარჩევნო კიბერუსაფრთხოების ჩარჩოს, რომელიც შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტის (GTRI) მიერ. როდესაც ადამიანების უმეტესობა ფიქრობს საარჩევნო ტექნოლოგიის კიბერუსაფრთხოებაზე, ისინი ამახვილებენ ყურადღებას მხოლოდ ხმის მიცემის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მაგრამ ეს არჩევნების უსაფრთხოების ეკოსისტემის მხოლოდ ერთი ასპექტია, თუმცა მნიშვნელოვანი. Smartmatic იყენებს ისეთ ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს,როგორიც არის:

End-to-End Encryption - გამოიყენება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე, რეგისტრაციისას, ხმის მიცემისას და შენახვისას. ეს ზომა უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გაგზავნილია მოწყობილობებს შორის ან ქსელებს შორის, დარჩეს კონფიდენციალური, დაცული იყოს მისი მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.

მრავალშრიანი ავთენტიფიკაცია - Smartmatic სისტემები საჭიროებს მრავალფაქტორიან ავთენტიფიკაციას (MFA) მომხმარებლებისთვის (კომისიის წევრები), არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად. ეს გულისხმობს იდენტიფიკაციის მრავალი ფორმის გამოყენებას, როგორიცაა პაროლები, ბიომეტრიული მონაცემები და სმარტ ბარათები.

ციფრული ხელმოწერები - ციფრული ხელმოწერები გამოიყენება არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების ავთენტურობის შესამოწმებლად. ყოველი ელექტრონული ხმის მიცემა ან ბიულეტენი ხელმოწერილია ციფრულად, რათა დარწმუნდეს, რომ იგი მომდინარეობს სწორი წყაროდან და რომ შინაარსი არ შეცვლილა წარდგენის შემდეგ.

Audit Trails - Smartmatic სისტემები გვთავაზობენ უზრუნველყოფას, რომლებიც ასახავს საარჩევნო პროცესის დროს შესრულებულ ყველა ქმედებას. ეს ჟურნალები უცვლელია, რაც უზრუნველყოფს სისტემის ხელყოფის ან შედეგების შეცვლის ნებისმიერი მცდელობის აღმოჩენას საწყისამდე.

Source Code Review - ისინი საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ, მესამე მხარეს,განახორციელოს კოდის მიმოხილვა. ეს უზრუნველყოფს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მუშაობს ხმის მიცემის აპარატებზე, იყოს უსაფრთხო და ვერ იქნეს გამოყენებული არჩევნების კომპრომისისთვის.

გაყალბების საწინააღმდეგო სისტემები - Smartmatic იყენებს აპარატურას, რომელიც შექმნილია დამატებითი უსაფრთხოებისთვის. ფიზიკური ლუქები, საკეტები და სხვა მექანიზმები უზრუნველყოფენ მანქანებსა და მოწყობილობებზე ნებისმიერი არასანქცირებული წვდომის მცდელობის გამოვლენას.

კრიპტოგრაფიული ჰეშინგი - ჰეშირების ალგორითმები გამოიყენება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი მონაცემი, განსაკუთრებით ხმების ჯამი, ხელუხლებელი რჩება მათი ჩაწერის მომენტიდან დათვლის მომენტამდე. თუ მონაცემების ერთი ნაწილი შეიცვლება, ჰეში შეიცვლება, რაც ადვილად შესამჩნევს გახდის არასანქცირებულ/უკანონო წვდომას.

არჩევნების შემდგომი აუდიტები - არჩევნების შემდეგ ტარდება არჩევნების შემდგომი აუდიტი ელექტრონული შედეგების გადასამოწმებლად ქაღალდის ჩანაწერებთან ან სხვა სახის მტკიცებულებებთან.

ეს ზომები ხელს უწყობს Smartmatic-ის ხმის მიცემის სისტემების უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, რაც იცავს დემოკრატიულ პროცესებს.

ყოველივე აღნიშნული გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ Smartmatic-ის მიერ დაცულია ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების სტანდარტები, ისინი იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობას და ხელმისაწვდომობას, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის აპარატს, რომელშიც ხდება თქვენი საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება, დაცულია უკანონო წვდომისგან და ამასთან, არ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს კონკრეტული ბიულეტენის დაკავშირება კონკრეტულ ამომრჩეველთან. ამასთან, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამგვარ აპარატებს არ აქვს კავშირი ინტერნეტთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს მის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე.

საქართველოს კანონმდებლობით, თქვენი ხმა ფარულია! დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს თქვენი კონფიდენციალურობა!

მნიშვნელოვანია იცოდეთ, მოახლოებულ არჩევნებში საბოლოო შედეგი დგინდება ხელით გადათვლის მეთოდით და არა ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატის მიერ დაფიქსირებული შედეგით!

DPT Consulting - ის გუნდი გისურვებთ, მშვიდ და წარმატებულ არჩევნებს, რომლის შედეგიც  უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი შვილების დაცულობას და უსაფრთხო გარემოს!


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე